დისტანციურად შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების პირობები
მომხმარებლის მიერ ნივთის დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
დისტანციურ ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
- ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავის) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
- მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავის) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
- საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავის) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაეკისრება არანაირი ხარჯი (მიწოდების ხარჯის ჩათვლით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან სტანდარტულზე უფრო ძვირი მიწოდების სერვისი აირჩია, ან თუ საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს 14 დღის ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი 1) ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.
თუ მოვაჭრემ მომხმარებელს დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება.
ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:
- მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
- მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
- თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.
სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.






